გარემოს ეროვნული სააგენტოში გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს გვალვის მონიტორინგისა და პროგნოზირების პლატფორმების და წარმოებული პროდუქტების გავრცელების მიმართულებით შემუშავებული შეთავაზებების გაცნობა წარმოადგენდა. მონაწილეებმა აღნიშნული პროდუქტების ვალიდაციის, ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლის შესაძლებლობებსა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროებაზე იმსჯელეს.
აღნიშნული აქტივობა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა ეროვნულ დონეზე გვალვის საფრთხის მონიტორინგისა და პროგნოზირების პლატფორმების შექმნა და ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა.
შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, სააგენტოს სპეციალისტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე სამინისტროს დაქვემდებარებული შესაბამისი უწყებებისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





