კახეთის რეგიონში, სატყეო სექტორის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ტყის აღდგენის პრაქტიკასა და მეთოდოლოგიაზე, ტყის მართვის თანამედროვე მიდგომებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დეგრადირებული ტყეების აღდგენასა და მდგრად მართვას.

შეხვედრა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO Georgia“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერას და ტყის მდგრადი მართვის გაძლიერებას. შეხვედრის მონაწილეები ჭალის ტყის აღდგენის პროექტსაც გაეცნენ, სადაც ღონისძიებები 600 ჰა-მდე ფართობზე მიმდინარეობს. ასევე ხაზგასასმელია, რომ პროექტის ფარგლებში ტყის აღდგენის ღონისძიებები სამ სამიზნე რეგიონში ხორციელდება.

„დეგრადირებული ტყეების აღდგენილი ფართობის გაზრდა - როგორც სატყეო რეფორმის, ასევე GCF- ის პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ტყის აღდგენის ღონისძიებები სამ სამიზნე რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში, ჯამში 20 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება“ - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

შეხვედრა ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა და მასში აჭარის სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.