ქვემო ქართლის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების საკითხებისა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებების განხილვის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი დავით ჩიჩუა და ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქვემო ქართლის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პერსპექტივები, დარგში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი ვაზის ჯიშების პოპულარიზაციას, კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და მევენახე-მეღვინეებისთვის პრაქტიკული და საგანმანათლებლო მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ქვემო ქართლის რეგიონს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდეს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მევენახე-მეღვინეებს როგორც თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში, ისე გამოცდილების გაზიარებასა და დარგში არსებული გამოწვევების დაძლევაში. ვფიქრობ, მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის გაძლიერებასა და უწყვეტი ტრადიციების შენარჩუნებას,” - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

შეხვედრაზე დაიგეგმა ჯიღაურის ბაზაზე ქვემო ქართლის რეგიონის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრის გამართვა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნობიან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ძირითად საქმიანობას, ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას, საკოლექციო ნარგაობებსა და სამუზეუმო სივრცეს. ასევე გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.