„საქართველოს მელიორაციის“ დელეგაციამ, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ხელმძღვანელობდა, ჩინეთში გამართულ წყლის კულტურის VI საერთაშორისო სემინარში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, წყლის რესურსების მართვის სფეროს წამყვანი სპეციალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააერთიანა.
სემინარის მთავარი თემა იყო „აბრეშუმის გზის კვალდაკვალ: წყლის დაზოგვის ტრადიცია და ინოვაციები მშრალ რეგიონებში“. განხილვების მთავარ მიმართულებებს კი წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება, დანაკარგების შემცირება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მელიორაციის სექტორის მდგრადი განვითარება წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში, გიგლა თამაზაშვილმა შეხვედრები გამართა ჩინეთის ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნული კომიტეტის (CNCID) საპატიო პრეზიდენტთან, გაო ჟანისთან და კომიტეტის გენერალურ მდივანთან, ვუ ვენიონგთან, ასევე, ჩინეთის წყლის რესურსებისა და ჰიდროენერგეტიკის კვლევითი ინსტიტუტის (IWHR) წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, ირიგაციისა და დრენაჟის სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობებზე.






