ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დეგუსტაცია გავრცელდება ყველა იმ ღვინოზე, რომელსაც სერტიფიცირება დასჭირდება, ხოლო გამონაკლისი მხოლოდ "ბუნებრივი ღვინო" იქნება, ხოლო თუ მწარმოებელი ღვინის დეგუსტაციის პროცესს სამი მცდელობის შემდეგაც ვერ გაივლის, პროდუქციის რეალიზაცია აეკრძალება.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება დარგში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
"სავალდებულო დეგუსტაცია შეეხება ყველა ღვინოს, რომელსაც სერტიფიცირება დასჭირდება და გამონაკლისი იქნება მხოლოდ "ბუნებრივი ღვინო". "ბუნებრივი ღვინოს" ტერმინი ჩაიწერა კანონში და მან შეცვალა ტერმინი "სახლის ღვინო", ეს არის სპეციალურ ღვინოებში ერთ-ერთი კატეგორია, როგორც გამორჩეული მეთოდით დამზადებული ღვინო. კანონპროექტის თანახმად, იცვლება „მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება. დარგის მხრიდან სწორედ ეს კითხვა არსებობდა, რომ რატომ უნდა ყოფილიყო დეგუსტაციისგან გათავისუფლებული 40 000 ლიტრამდე წარმადობის მარანი.
თუ ჩვენ ვეწევით მეღვინეობას და თანამედროვე მეღვინეობას იქნება ეს მცირე, საშუალო, თუ დიდი ყველას უნდა შეეხოს დეგუსტაცია და შესაბამისობის წესები ყველასთვის უნდა იყოს. გამონაკლისი კი სწორედ ტექნოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარეობს, ანუ იმ მეთოდიდან, რა მეთოდითაც "ბუნებრივი ღვინო" მზადდება.
მარანს 3 ცდა აქვს და შესაბამისად, თუ ვერც ერთხელ ვერ გაიარა დეგუსტაციის პროცესი, სამწუხაროდ, მას რეალიზაცია აკრძალული ექნება. არასერტიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციაზე კი არის ჯარიმები. პირველ შემთხვევაზე არის 1000 ლარი. აღნიშნული გაწერილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. აქამდეც, თუ არასერტიფიცირებულ პროდუქციას ყიდდა ვინმე, იგივე ჯარიმა ეხებოდა",- აცხადებს ლევან მეხუზლა.
სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, დეგუსტაციის პრაქტიკა დარგისთვის ახალი არ არის და სხვადასხვა ეტაპზე უკვე მოქმედებდა.
"უნდა აღინიშნოს, რომ დეგუსტაცია 2008 წლიდან ძალიან ბევრ კატეგორიაზე ისედაც სავალდებულო იყო და ეს 2017 წელს კიდევ უფრო გამკაცრდა. საბოლოოდ, წელს უკვე ჩავთვალეთ, რომ ნებისმიერი ქართული ღვინო გარდა "ბუნებრივი ღვინისა" უნდა იყოს გასინჯული. სერტიფიცირების პროცედურების პროცესი მიბმულია ლოტის პრინციპს. ვისაც, მიკვლევადობის პრინციპები აწყობილი აქვს ისინი ცვლილებას საერთოდ ვერ იგრძნობენ. ცვლილებები მხოლოდ მინიმალურად შეეხება იმ მარნებს, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ ექსპორტი და მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდდნენ ღვინოს და თუ ისინი არ არიან "ბუნებრივი ღვინის" მწარმოებლები. ზედმეტი დეგუსტაცია ვისაც ჩაუტარდება ეს იმდენად მცირეა იმასთან მიმართებაში, რა მოცულობის დეგუსტაციაც დღეს ტარდება, რომ არ მგონია ამან რაიმე სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს ბაზართან მიწოდებაში", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისივე განცხადებით, დეგუსტაცია და სერტიფიცირება ფასიანია, თუმცა მცირე მარნები შესაძლოა ამ გადასახადიდან გათავისუფლდნენ.
"დეგუსტაცია ფასიანია, თუმცა არის გამონაკლისები. მათ შორის, სერტიფიცირებაც ფასიანია, თუმცა მცირე მარნებისთვის სხვა ფასია. კანონქვემდებარე აქტში გაკეთდება შესაბამისი ჩანაწერი და ფასი თუ ლოტის პრინციპზე ხდებოდა და საწარმოს ეს პროცედურა სწორად ჰქონდა აწყობილი არც დეგუსტაციის ფასის დამატებით გადახდა არ მოუწევს. რაც შეეხება მცირე მარნებს - ეს არ მგონია, რომ რაიმე წნეხი იყოს. აღნიშნული ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და შესაძლებელია მცირე მარნები საერთოდ გავათავისუფლოთ ამ გადასახადიდან", - აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი.
მეხუზლას თქმით, კანონქვემდებარე აქტებით გაიწერება კონტროლის მექანიზმებიც, რათა ბუნებრივი ღვინის სტატუსი რეგულაციების თავიდან არიდების საშუალებად არ იქცეს.
"რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს - იმისთვის, რომ "ბუნებრივი ღვინის" სტატუსი არ იყოს ბოროტად გამოყენებული რეგულაციების თავიდან ასარიდებლად კონტროლის მექანიზმებიც კანონქვემდებარე აქტში გაიწერება. რა თქმა უნდა, არის ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები, რომელიც ერთ-ერთი კომპონენტი იქნება ამ შემოწმებების. სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი უკვე კანონით გვაქვს მონიჭებული, რომლის ფარგლებში მოხდება ბუნებრივი მეღვინეობების შემოწმება და დადასტურება, რომ ისინი ღვინოს ნამდვილად ბუნებრივი მეთოდებით აწარმოებენ", — აცხადებს ლევან მეხუზლა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს. კანონპროექტის თანახმად, იცვლება „მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება. ამასთან, ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით - „ბუნებრივი ღვინო“. ბუნებრივი ღვინო მიიღება ორგანული ყურძნის ტკბილის სპონტანური დადუღებით, სადაც დაუშვებელია ნებადართული ოპერაციებისა და ნივთიერებების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/ლ-ს.
bp.ge





