გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1528 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 543 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 212 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 194 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 183 -  კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 42 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 28 - კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა, 21 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 305 კი - სხვა დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 357 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 296 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 193 -  კახეთში, 154 - შიდა ქართლში, 142 - აჭარაში, 80 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 40 - სამცხე-ჯავახეთში, 34 - იმერეთში, 32 - გურიაში, 8 ფაქტი კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2025 წლის 6 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 192 ფაქტი გამოავლინეს.

ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.