ფილმებისა და სერიალების შეფასების  წამყვან ამერიკულ ვებგვერდზე - Rotten Tomatoes, Apple TV-ის სერიალ DROPS OF GOD-ის  მე-2 სეზონი კრიტიკოსთა 89%-იან და მაყურებელთა 91%-იან მაღალ შეფასებას იღებს, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდისთვის მსოფლიო მასშტაბით.

21 იანვარს, Apple TV-ზე EMMY-ის მფლობელი, მრავალენოვანი სერიალ DROPS OF GOD-ის მეორე სეზონის პრემიერა შედგა. სეზონი რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება და მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებელს ღვინის კულტურისა და გასტრონომიის სამყაროში, მათ შორის, საქართველოში ამოგზაურებს.

DROPS OF GOD-ი  ეფუძნება ამავე სახელწოდების ბესტსელერ იაპონურ მანგას და წარმოადგენს ფრანგულ-იაპონურ დრამას. სერიალის გმირების მამას, ლეგენდარულ ფრანგ სომელიე ალექსანდრ ლეჟერს,  შექმნილი აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირადღირებული ღვინის კოლექცია. მეორე სეზონში სერიალის გმირების ამოცანაა მიაგნონ კოლექციის ყველაზე საუკეთესო და ამავდროულად უსახელო ღვინის ბოთლის წარმოშობის ადგილს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სხვა ქვეყნებთან ერთად, სერიალის გმირები საქართველოშიც მოგზაურობენ.

„მხატვრული სერიალი, რომელიც ღვინოზეა, გვერდს ვერ აუვლიდა საქართველოს. ეს არის იმ წარმატების შედეგი, რომელსაც ქართულმა ღვინომ მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე. ქართული ღვინის კულტურა აღიარებულია არა მხოლოდ ღვინის სფეროში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

სერიალ DROPS OF GOD-ის  მეორე სეზონის ნაწილი გადაღებულია საქართველოში, კინოკომპანიების „სტუდია 99“ და „ასი ფილმი“ მონაწილეობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტის კონსულტანტი იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი.