კაკლის გადამამუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ 2026 წლიდან საცალო ბაზარზე შესვლას გეგმავს. კომპანიის თანადამფუძნებლის ანა ქევხიშვილის განცხადებით, ბუტიკური მაღაზიებისთვის მაღალი ხარისხის თხილეულის და ჩირეულის შეფუთული პროდუქტის წარმოება დაიწყება, რაც საწარმოსთვის B2B მიმართულებიდან (Business to Business ნიშნავს, რომ კომპანია თავის პროდუქციას სხვა ბიზნესებს აწვდის) B2C სექტორში (Business to Consumer ანუ კომპანია პროდუქციას პირდაპირ საბოლოო მომხმარებელს სთავაზობს) გადასვლის პირველი ნაბიჯია.
როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" დილის ეთერში განაცხადა, საწარმოს წლიური წარმადობა ეტაპობრივად იზრდება.
"საწარმოში 35 ადამიანი მუდმივ რეჟიმში მუშაობს. ჩვენ გვაქვს წარმადობების გაზრდის შესაძლებლობაც. მიმდინარე წელს, ახალი სასაწყობე მეურნეობა დავიმატეთ და გვაქვს გეგმები განვვითარდეთ იმ მიმართულებით, რომ საბოლოო პროდუქტი ვაწარმოოთ. ამ ეტაპზე, მხოლოდ B2B მიმართულებაა ჩვენი და ნედლეულს ვაწარმოებთ და ვაწვდით HoReCa სექტორს და საკონდიტროებს", - აცხადებს ანა ქევხიშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ადგილობრივ ბაზარზე სუპერმარკეტებში ქართული ნიგოზი არ იყიდება და აღნიშნული საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება.
"სამწუხაროდ, ქართულ სუპერმარკეტების ქსელებში ქართული ნიგოზის შეძენას ვერ შეძლებთ. ამ ეტაპზე, მხოლოდ იმპორტირებულის ალტერნატივაა. ძალიან გვინდა და ამ მიმართულებით გვაქვს აქტივობები, თუმცა საბოლოო შედეგს ვერ მივაღწიეთ. გარე ბაზრებში დიდი მოცულობით არის წარმოდგენილი როგორც ქართული, ასევე, იმპორტული ნიგოზი და ფასიდან გამომდინარე მომხმარებლისთვის გასაგები იქნება, რომელია იმპორტული და რომელი ქართული. დღევანდელი მონაცემებით, ქართული ნიგოზის ფასი 32-დან 39-ლარამდეა, ხოლო იმპორტირებულის 20-დან 25-მდე", - აღნიშნა "ანიგოზის" დამფუძნებელმა.
კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ სოფელ მარტყოფში პანდემიის პერიოდში, კერძოდ 2021 წელს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით ამოქმედდა. პროექტში, დაახლოებით, 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო ამჟამად, ორი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ, ფერმერებისგან იბარებს როგორც სველ მდგომარეობაში, ახალ დაკრეფილ კაკალს, ასევე მშრალ კაკალს მეორადი გადამუშავებისთვის.
bp.ge





