საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი,  ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

„სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრი, ბატონი ავი დიხტერი, მის გუნდთან ერთად, სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი პარტნიორობა, თანამშრომლობის გაღრმავებისადმი საერთო სურვილი და შესაძლებლობები. ისრაელი სოფლის მეურნეობის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და კვლევის ლიდერი სახელმწიფოა.

დღეს ხელი მოვაწერეთ განზრახულობათა დეკლარაციას, რომელიც ქმნის ახალი და ამბიციური ერთობლივი ინიციატივების შესანიშნავ საფუძველს. განზრახულობათა დეკლარაციის ფარგლებში თანამშრომლობა მრავალმხრივია, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობის გაფართოება, სასურსათო პოლიტიკისა და სურსათის უვნებლობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, თანამედროვე საირიგაციო სისტემების დანერგვა, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სასწავლო პროგრამები. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს წინასწარ იმ პრიორიტეტებს რომელიც ემსახურება ორივე ქვეყნის სოფლის მეურნეობის თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ისრაელის ეროვნულ სასოფლო-სამეურნეო კვლევით ინსტიტუტში, ვოლკანის ცენტრში ვიზიტით შეაფასა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ცენტრთან საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობის 10 წლიანი ისტორია აკავშირებს.

„ვოლკანის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ჩვენ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განვსაზღვრეთ. რა თქმა უნდა, პრიორიტეტად რჩება სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები; განსაკუთრებულად აღსანიშნავია სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის მეგობრობას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა წყლის მართვის, კლიმატის ცვლილების ფონზე კლიმატგამძლე კულტურების გამოცდის, ასევე პროდუქტიულობის გაზრდისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.