გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში მდებარე შპს „გეო-ინდუსტრიის” თხის ფერმისა და რძის გადამმუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
მთავრობის წევრებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, წარმოების სრული ციკლი და კომპანიის განვითარების გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე, რძის გადამმუშავებელი სექტორის განვითარებასა და რეგიონებში აგრობიზნესის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მსგავსი საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში, ისე ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდაში.
შპს „გეო-ინდუსტრია“ თხის რძის წარმოებასთან ერთად ძროხისა და კამეჩის რძის გადამუშავებას ახორციელებს. საწარმოს 24-საათიანი წარმადობა 3 ტონა რძეს შეადგენს.
პროდუქცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება და მომხმარებლამდე კომპანიის მაღაზიათა ქსელის „არია“ მეშვეობით აღწევს, რომელიც თბილისსა და ბათუმში ფუნქციონირებს. ამასთან, პროდუქცია მიეწოდება სხვადასხვა რესტორნისა და მარკეტების ქსელებს.
საწარმოში ამ ეტაპზე 30 ადამიანია დასაქმებული.







