გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი „წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმს“ დაესწრო და მის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი თბილისში ესპანური წყლის მართვის კომპანიის „Aqualia“ და საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით იმართება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე მთავარი ყურადღება წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და 2023 წელს მიღებული „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის ამოქმედებას დაუთმო. დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა სააუზო მართვის პრინციპზე გადასვლას, წყლის ხარისხის დაცვასა და რესურსების ეფექტიან და სამართლიან განაწილებას.
„2023 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი წყლის რესურსების მართვის შესახებ, რომელიც წელს პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ საკითხთან მიმართებით. მოგეხსენებათ, რომ აქ იყო სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ სააუზო მართვის პრინციპზე გადავდივართ, რაც გულისხმობს, როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა წყლების ერთობლივი რესურსის შედგენას და ამ ბალანსის განაწილებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტობრივად წყლის რესურსი ივსება ჩამდინარე წყლებით, რომლის მონიტორინგის სისტემასაც ვაძლიერებთ საკმაოდ აქტიურად, რომ იყოს მაქსიმალურად ზუსტად დათვლილი ის რესურსი, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს თავისი სააუზე სისტემების მიხედვით და ამის სწორად განაწილება არის მნიშვნელოვანი.
აქვე, კანონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის წყლის ხარისხის დაცვა და დაბინძურების პრევენცია. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ გამწმენდი ნაგებობები ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას; ჯამში, რესურსის განაწილებასთან დაკავშირებით, წელს ჩვენს სამინისტროში შეიქმნება დამატებითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ითვალისწინებს ზუსტად ამ წყლის ბალანსის შედგენას და ამ რესურსის განაწილებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პლასტიკით დაბინძურების საკითხზე და ჩატარებული კვლევების შედეგებზეც ისაუბრა.
„ერთ-ერთი დიდი გამოწვევა პლასტიკით დაბინძურებაა. მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, რიონის აუზის დაბინძურების 88% პლასტიკზე მოდის. ზუსტად ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ, რომლიც პლასტიკის გამოყენების შეზღუდვასთან არის მიმართული, რაც ფაქტობრივად პრევენცია არის წყლის ხარისხის გაუმჯობესების. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კანონში პირდაპირ არის განსაზღვრული რომ პრიორიტეტი ენიჭება სასმელ წყალს, შემდგომში სამელიორაციო და სხვა ეკონომიკურ აქტივობებს. მელიორაციასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პროექტი გვაქვს მსოფლიო ბანკთან ერთად, რომლის მიხედვითაც ვახორციელებთ მელიორაციის სისტემების გაუმჯობესებას, რადგან უფრო ეფექტიანად მოხდეს წყლის რესურსის გამოყენება”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.






