გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  დავით სონღულაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში იმყოფებოდა, სადაც  ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი  კომპანიის   ფერმა  - „დმანისის მეცხოველეობა“  დაათვალიერა.

მაღალტექნოლოგიური ფერმა  სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. სარგებლობს პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. თანამედროვე სტანდარტებით მოქმედი ფერმა გათვლილია მეხორცული ჯიშის  საქონელზე. დღეისათვის, ფერმაში სალერსის ჯიშის 800 სული პირუტყვია, ფერმა პირუტყვის საკვებსაც აწარმოებს.

დავით სონღულაშვილმა შეხვედრა გამართა კომპანიის ფრანგ აქციონერებთან და კომპანიის ექსპერტებთან, რომელთა რეკომენდაციებით იმართება კომპანიაში პროცესი და ხდება დასაქმებული ადგილობრივების კვალიფიკაციის ამაღლება.

„მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. დმანისში ფრანგულ-ქართული ინვესტიციით განხორციელებულ ფერმაში გავეცანით არსებულ საჭიროებებს. ასეთი ინვესტიციებით, ასეთი ტიპის ფერმების განვითარებით შესაძლებელია ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების გაზრდა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება, ხოლო შემდეგ, საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომპანიის „დმანისის მეცხოველეობა“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ჟაკ ფლურიმ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე წლის წინ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის დაწყებულ თანამშრომლობაზე.  სწორედ ამ პროცესმა შექმნა შესაძლებლობა, ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილიყო მაღალტექნოლოგიური ფერმა.

მინისტრთან ერთად დმანისის მეცხოველეობის ფერმაში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის  მოადგილე ნიკოლოზ კობახიძე, საქართველოს პარლამენტის დელეგატი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში დავით შერაზადიშვილი,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.