ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენისა და ბორჯომის პლატოს სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. ღონისძიებების მიზანია მაღალი ეკოლოგიური ღირებულების ტყის ეკოსისტემების დაცვა და მბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების შეზღუდვა.

მაღალი ეკოლოგიური ღირებულების ეკოსისტემის ფიტოსანიტარიული მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამას, პირველ რიგში, კლიმატური პირობების ცვლილება, ხოლო შემდგომ მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივი გავრცელება განაპირობებს.

მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი სანიტარიული ჭრებია, რაც დაზიანებული ხეების დროულ მოჭრასა და ტყიდან გატანას გულისხმობს. აღნიშნული ღონისძიება ამცირებს მავნებლის გამრავლების კერებს და ხელს უწყობს ტყის ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებას.

„მაღალი ეკოლოგიური ღირებულების ეკოსისტემის ფიტოსანიტარიული მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ძირითადად მავნებელი მწერის მასობრივ გავრცელებას უკავშირდება. მავნებელთან ბრძოლის მნიშვნელოვანი მეთოდია სანიტარიული ჭრები, რაც ტერიტორიიდან დაზიანებული ხეების დროულ გამოტანას გულისხმობს, რითაც მცირდება მავნებლის გამრავლების წყარო. ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ჭრებს სისტემატურად ახორციელებს, აგრეთვე ხდება ტერიტორიის გაწმენდა სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ხეებისაგან“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

სანიტარიულ ჭრებთან ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას მონიტორინგს ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებითაც ახორციელებს, რაც მავნებლის პოპულაციის დინამიკის შეფასებისა და შესაბამისი მართვის ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.

მიმდინარე წელს სააგენტოს სპეციალისტებმა უკვე სამი ეტაპის მონიტორინგი ჩაატარეს. ამ დროისთვის ფერომონიანი მწერსაჭერების საშუალებით დაჭერილი და განადგურებულია 140 000-მდე მბეჭდავი ქერქიჭამია.

ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს აგრძელებს. პარალელურად, მიმდინარეობს ტყის ტერიტორიების გაწმენდა სტიქიის შედეგად მოთხრილი და მოტეხილი ხეებისაგან, რაც ტყის ეკოსისტემის აღდგენისა და ახალი კერების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.