გარემოს ეროვნულ სააგენტოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.
ICT სისტემა თანამედროვე ადრეული შეტყობინების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების ოპერატიული შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი გაფრთხილებების დროული გავრცელება, რაც მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის, ისე მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.
ICT სისტემის ფარგლებში ინერგება მობილური აპლიკაციაც, რომელიც მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, სწრაფად და მარტივად მიიღონ ინფორმაცია და გაფრთხილებები მოსალოდნელი ამინდის და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების შესახებ.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემის პრეზენტაციას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ელენე ღუბიანურთან და მის მოადგილე ირაკლი მეგრელიძესთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტებისთვის გრძელვადიანი ტრენინგები განახორციელეს. ღონისძიებაზე სააგენტოს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
„მონაცემების სწრაფი დამუშავება, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ამინდის რიცხვითი პროგნოზირების სისტემების მუდმივი გაუმჯობესება შესაძლებლობას გვაძლევს, ბუნებრივი საფრთხეების შესახებ გაცილებით უფრო ზუსტი და ოპერატიული ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც სახელმწიფო უწყებებს, ისე მოსახლეობას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველო გახდეს უფრო მდგრადი, უფრო უსაფრთხო და უკეთ მომზადებული ბუნებრივი საფრთხეების წინაშე“, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემის დანერგვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მრავლობითი საფრთხის შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ და ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.





