გარემოს ეროვნულ სააგენტოში, პროექტის - „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, ფაზა 2“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი ენდრიუ კოსი იმყოფებოდა.
მოწვეულმა ექსპერტმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, საველე ექსპედიცია განახორციელა. ექსპედიციის მიზანს მათ მიერ მომზადებული გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკის ადგილზე ვალიდაცია, ასევე, გამოყენებული მეთოდოლოგიისა და შეფასების კრიტერიუმების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის განხილვა წარმოადგენდა.
საველე სამუშაოების ფარგლებში სხვადასხვა გეოლოგიური პროცესის - მეწყერების, ღვარცოფების, კლდეზვავ-ქვათაცვენის და სხვა მოვლენების გავრცელების არეალების დათვალიერება და შეფასება განხორციელდა, რის საფუძველზეც შემდგომში მოხდება მომზადებული რუკის განახლება. აღნიშნული აქტივობა ქვეყანაში გეოლოგიური საფრთხეების შეფასების და მონიტორინგის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
პროექტი „კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, ფაზა 2“ დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.
ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას საქართველოში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით.







