გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიან 31 მაისის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 163 ფაქტი გამოავლინეს.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 105 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 58 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 18 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

2026 წლის მაისში დალუქულია 10 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ჯამში ამოღებულია 284 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 65 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. შემდეგ მოდის იმერეთი - 23, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 22, გურია - 12, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 9, კახეთი - 7,  შიდა ქართლი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 5, ქვემო ქართლი - 3.

სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - 2026 წლის მაისში, თბილისში გამოვლენილია 1 უკანონო სახერხი საამქრო.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ქვეყნის მასშტაბით უკვე გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 823 ფაქტი. დალუქულია 31 უკანონო სახერხი საამქრო.