ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ff.k. Public Relations-ის ორგანიზებით, გერმანიაში მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანია აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კამპანია მოიცავს ქართული ღვინის სარეკლამო აქტივობებს ღვინის მაღაზიათა პრესტიჟულ ქსელში „Jacques Wein Depot” და პრემიუმ ღვინოების უმსხვილეს იმპორტიორ კომპანია HAWESKO Holding SE-ში. აღნიშნული კამპანია აგვისტოში დაიწყო და ორიენტირებულია მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაზე.
Jacques Wein Depot -ის ონლაინ ვებგვერდზე განთავსებულია ქართული ღვინის სარეკლამო სტატიები, ბანერები და ქართველ მეღვინეებთან ინტერვიუები. ოქტომბრის თვიდან კი, გაყიდვებში ქართული ღვინის სასაჩუქრე ყუთიც ჩაეშვა.
HAWESKO Holding SE -თან თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციები; გაყიდვაში უკვე ჩაშვებულია ქართული ღვინის სხვადასხვა სტილის და კატეგორიის 6 ბოთლიანი სასაჩუქრე ყუთები. კომპანია HAWESKO Holding გერმანიაში ყველაზე დიდი და პრესტიჟული რითეილერია პრემიუმ ღვინოების კატეგორიაში, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2023 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნული კომპანიის პორტფელში ქართული ღვინოების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.
კამპანიის ფარგლებში, 350 ლოკაციაზე, ქართული ღვინის სარეკლამო გარე ბანერები იმ საცალო გაყიდვების ქსელების მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსდა, სადაც შესაძლებელია ქართული ღვინის შეძენა.
მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანია, ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ გერმანიის ბაზარზე, საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, მარკეტინგულ კომპანია ff.k Public Relations-თან ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.