გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით,  სახელმწიფო პროგრამას  ახალი მიზნობრიობა, უცხოური ექსპერტების მომსახურების თანადაფინანსება  დაემატა.

პროგრამით დადგენილია  კონსულტანტისა და ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების სფეროები. კერძოდ, კონსულტანტი განახორციელებს  ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებზე, როგორც ღია ასევე დახურული გრუნტის შემთხვევაში, აგროსაქმიანობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, ხოლო ტექნიკური კონსულტანტი - განახორციელებს მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით კონსულტაციებს.

პროგრამის დადგენილი პირობით, უცხოური კონსულტანტების მომსახურების ღირებულების 70% -ს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს. თანადაფინანსების ლიმიტი შეადგენს  30,000 ლარს.  ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში თანადაფინანსების ლიმიტი განსაზღვრულია 70 %-ით, არაუმეტეს  10,000 ლარით.  წლის განმავლობაში პროგრამით სარგებლობა  ერთი  პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია  2- ჯერ, თანადაფინანსების ლიმიტი შეადგენს, ჯამში, 40,000 ლარს.

ტექნიკური დახმარების პროგრამაში უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი უნდა იყოს არანაკლებ 10 პირისაგან შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია),  სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, ასევე,  არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

პროგრამით დადგენილი პირობაა, რომ უცხოური კონსულტანტის მომსახურებით სარგებლობისათვის  პოტენციურ ბენეფიციარს ყავდეს აგრონომი და გააჩნდეს :

  • მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში არანაკლებ 50 ჰა, ხოლო კენკროვანი კულტურების შემთხვევაში არანაკლებ 30 ჰა გაშენებული ერთი კულტურის ბაღები.
  • კარტოფილის ან მარცვლოვანი ერთწლოვანი კულტურებისათვის ერთი კულტურის წარმოებისათვის არანაკლებ 100 ჰა,  ხოლო ბოსტნეულის ან ბაღჩეულის ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში ერთი კულტურის წარმოებისათვის არანაკლებ 50 ჰა სახნავი მიწის ფართობ(ებ)ი;
  • სათბურის შემთხვევაში არანაკლებ 1 ჰა სასათბურე მეურნეობა;

მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი უნდა ფლობდეს  არანაკლებ 2000 ტონის ტევადობის შემნახველი ინფრასტრუქტურა.

პროგრამაში შესული ცვლილებები ხელს შეუწყობს აგროსასურსათო მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა  და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესებას, რაც სამომავლოდ გაზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს.