სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას. ვისაც ვენახი უკვე გაშენებული აქვს, მათზე ეს რეგულაცია არ გავრცელდება", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

საქართველოს პარლამენტმა ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი.

პარლამენტის მიერ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, 1 მაისამდე შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტი, სადაც გაიწერება წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

"ვაზს ჩვენ ვუტოვებთ მომავალ თაობას, ამიტომ ვენახი გათვლილი უნდა იყოს მრავალწლიან ინვესტიციაზე. ფერმერს დაცული უნდა ჰქონდეს აგროტექნიკური მახასიათებლები, ჯიშობრივი სიწმინდე, ვენახის გაშენების ტექნოლოგია-ტექნიკა; გადამწყვეტია ნიადაგი და ადგილი, სადაც ვაშენებთ ვენახს, რადგან სწორედ ადგილწარმოშობა განსაზღვრავს ღვინის ხარისხს. მსგავსი რეგულაცია დიდი ხანია მოქმედებს ევროპის მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში. ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია სწორედ ვენახის ხარისხზე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, ვერ მოახდენს კომერციული მიზნით ყურძნის ან ღვინის რეალიზაციას. ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.