გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა გურიის რეგიონში ტყის აღდგენა-გაშენების მიმართულებით მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერეს და შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ.
გურიის რეგიონში ტყის აღდგენის პროცესი, ჯამში, 702 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. გასულ წლებში რეგიონში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სახეობის 15 000-მდე ნერგი დაირგო, მათ შორის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის, განცხადებით, სახელმწიფოსთვის საქართველოს ტყეების, განსაკუთრებით კი დეგრადირებული ტყეების აღდგენა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენიმე ათას ჰექტარზე განხორციელდა სამუშაოები, როგორც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის, ისე შერგვის მიმართულებით. საქართველოს 2036 წლამდე სამიზნე მაჩვენებლად განსაზღვრული აქვს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 52 000 ჰექტარი ტყის აღდგენა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტყეების აღდგენა-გაშენების მიმართულების პრიორიტეტულ მნიშვნელობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მომდევნო წლების განმავლობაში სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. მომავალ კვირებსა და თვეებში აქტიურად გაგრძელდება საქართველოს რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი ტყის აღდგენის პროექტების შეფასება“, - განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა.





