სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გერმანული გლობალური სამეცნიერო და ტექნოლოგიური კომპანიის „მერკი“ წარმომადგენლებმა სასწავლო შეხვედრა გამართეს.
ტრენინგი მოიცავდა წყლისა და საკვების მიკრობიოლოგიური ხარისხის შეფასების მეთოდებს, საწარმოო გარემოს მონიტორინგს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და კვების ლაბორატორიული კვლევების სტანდარტებს, ასევე ფალსიფიკაციასთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას და ადგილობრივი თუ იმპორტირებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას.
„ტრენინგის ფარგლებში, ლაბორატორიის პერსონალმა მიიღო შესაძლებლობა, გაცნობოდა უახლეს ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სადიაგნოსტიკო მიდგომებს. მსგავსი პრაქტიკული სწავლება მნიშვნელოვნად ზრდის პროფესიულ კომპეტენციას და ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების დანერგვას ლაბორატორიულ საქმიანობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განხილული მაგალითები პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ სამუშაო პროცესთან“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ ანა გულბანმა.
სასწავლო შეხვედრის მიზანი ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა და სურსათისა და წყლის უსაფრთხოების მიმართულებით უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. „მერკის“ ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს წყლის მიკრობიოლოგიური ხარისხის კონტროლის თანამედროვე სტანდარტები და კვების მრეწველობაში პათოგენების გამოვლენის უახლესი მეთოდები.
„ჩვენი მიზანია, ადგილობრივ სპეციალისტებს გავუზიაროთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილება. მსგავსი ტრენინგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას და ზრდის სურსათისა და წყლის უსაფრთხოების ხარისხს. მოხარული ვართ, რომ მონაწილეების მხრიდან მაღალია დაინტერესება და აქტიურია ჩართულობა“, – აღნიშნა „მერკის“ წარმომადგენელმა ალექსეი ეფიმოვმა.
ტრენინგში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლების გარდა, მონაწილეობა მიიღეს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და კვებისა და სასმელი წყლის სექტორის წარმომადგენლებმა.






