მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, რაც უფრო ძველია ავტომობილი, ძრავიც ძველდება და შესაბამისად, მისგან გაფრქვევაც იმატებს, ეს დადასტურებული ფაქტია. ევრო 5 სტანდარტიც 10 წლიან მანქანაზე მოქმედებს; 10 წლის შემდეგ ძრავი ისე ძველდება, რომ გაფრქვევები ამ მანქანიდან, რაც არ უნდა კარგად მოვლილი იყოს, მაინც იმატებს. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა დაწესებული შეზღუდვა წლოვანებასთან მიმართებით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტროავტომობილებზე.
„ქვეყანაში გვაქვს ავტომობილების იმპორტის ყოველწლიური 25 %-იანი ზრდა, სადაც ჰიბრიდული ავტომობილების წილი არ იზრდება. მზარდია დიზელის და ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წილი. ეს მზარდი ტენდენცია უნდა შემცირდეს, რაც საბოლოო ჯამში, ჰაერის ხარისხის მდგომარეობაზე უნდა აისახოს.
ეტაპობრივად ავტოპარკი განახლდება; ეს განახლება, თავის მხრივ, შეამცირებს გაფრქვევებს. რითაც, საბოლოო ჯამში, მივიღებთ გარკვეულ გაუმჯობესებას.
ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ, ერთი მხრივ, ქალაქებში, ჩვენს საცხოვრებელ გარემოში გადაადგილება შევძლოთ; თუ განუსაზღვრელად დავამატებთ სატრანსპორტო საშუალებებს, ერთ დღეს ფიზიკურად შეუძლებელი იქნება გადაადგილება და, მეორე მხრივ, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.








