საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო ტრანსსასაზღვრო დაბინძურებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.
"გასულ დღეებთან შედარებით, ატმოსფერული ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება მცირედით შესუსტებულია. პროცესი სინოპტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მყარი ნაწილაკების მაჩვენებლების კლება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ, ასევე, რეკომენდაციები მიიღოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge „რეკომენდაციების“ ველში.
აღსანიშნავია, რომ ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა საქართველოში 6 ნოემბრიდან ფიქსირდება,"-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






