ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს პარტნიორი კომპანია Vinoveli Inc-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ნიუ-იორკის ჰარვარდის კლუბში (The Harvard Club in New York) გაიმართა.
Vinoveli Inc-მა აღნიშნული ღონისძიებით დაიწყო სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანია აშშ-ში ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორ არჯუნ დევანთან (Arjun Dewan) თანამშრომლობით. კამპანიის მიზანია Vinoveli Inc-ის პორტ-ფოლიოში არსებული ღვინოების წარდგენა აშშ-ის ბაზარზე მომუშავე დისტრიბუტორების, საცალო ვაჭრობის წარმომადგენლების, სომელიეებისა და ჟურნალისტებისთვის, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად.
ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და Vinoveli Inc-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის შესახებ შვიდი დეგუსტაცია გაიმართა საცალო-ქსელურ სუპერმარკეტებსა და გაყიდვების ობიექტების საპრომოციო ღვინოებისთვის განკუთვნილ სივრცეში ნიუ-ჯერსსა და მასაჩუსეტში , სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის ღვინოები.
ქართული ღვინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ბოლო 3 თვეში ქართული ღვინის წარდგენა არაერთ ღონისძიებაზე გაიმართა: ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე „Wines of Georgia Grand Tasting“ (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალ Karakterre-ზე (ნიუ-იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენა Orange Glou Fair-ზე (ნიუ-იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალ Amber Georgia-ზე (ნიუ-იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა RAW Wine NYC-ზე (ნიუ-იორკი), San Diego Food + Wine Festival (სან-დიეგო), ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ - V is for Vino .






