გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „ფარკონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო.
შპს „ფარკონი“ მცენარეული ნედლეულის შრობის, გადამუშავებისა და დაფასოების მიმართულებით საქმიანობს. საწარმოს წლიური წარმადობა 5 მილიონ ერთეულ შეფუთულ პროდუქციას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ქსელურ მარკეტებში. ასევე ხორციელდება ექსპორტი ამერიკაში, ისრაელსა და ევროკავშირის ქვეყნებში.
კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2022 წელს კომპანიამ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში“ მიიღო მონაწილეობა. საქმიანობის განვითარების ეტაპზე არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა საქართველოს ოთხ რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, 2022 წლიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას.
აღნიშნული პროგრამით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 20 მლნ ლარით დაფინანსებულია 50-მდე ბენეფიციარი, მათ შორის იმერეთის რეგიონში 8,7 მლნ ლარით 23 ბენეფიციარი.
მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.







