გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე კომპანია Georgian fish and caviar-ის  ზუთხის საშენი მეურნეობა  დაათვალიერა. მინისტრი თევზის წარმოებაში ჩართულ ფერმერებს შეხვდა და დარგში არსებულ გამოწვევებზე მიიღო ინფორმაცია.

წარმოების განვითარების ეტაპზე კომპანიამ „Georgian fish and caviar“ რამდენჯერმე ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. მეურნეობაში წლიურად 200,000 ცალი ზუთხი იწარმოება და მისი რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, მეთევზეობის  განვითარების მიზნობრიობით  2013 წლიდან გაცემულია 155 მლნ  ლარზე მეტი ღირებულების 1,694 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 23 მლნ ლარს აღემატება. მათ შორის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაცემულია 5,8 მლნ ლარის ღირებულების სესხები, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება დაახლოებით 1,4 მლნ ლარია.

თევზის წარმოებაში ჩართულ ფერმერებთან შეხვედრაზე დავით სონღულაშვილთან ერთად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ზურაბ ეზუგბაია, კახა კაკაბაძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი, ირაკლი გულედანი იმყოფებოდნენ.