გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 5 თვეში, 2025 წლის 23 აგვისტოდან 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით, 818 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
სამართალდარღვევების უმრავლესობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 8 ფაქტი კი, უკანონო ნადირობის, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტები დაფიქსირდა კახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. სამართალდამრღვევებმა თელავის, ყვარლის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოინადირეს „წითელი ნუსხით“ დაცული 3 ერთეული კავკასიური მურა დათვი, 2 არჩვი და 1 შველი. სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 11 ერთეული გარეული ფრინველი.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 5 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 595 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.







