გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.

რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 100 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა. სამართალდარღვევის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1800 ლარზე მეტია. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

სოფლების - ნაზარლოსა და ახალი სამგორის მიმდებარედ კი, სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს  30 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშ-ხრეში და  15 ტონა თიხა-თაბაშირი (საგაჯე ნედლეული). გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა დაახლოებით 1000 ლარია.

წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. მაგალითად, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარის კალაპოტების დეფორმირება,  ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.

გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციის, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სამართალდარღვევების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.