„მეღვინეობის დარგში დაგეგმილი ყველა რეფორმის მიზანია, მსოფლიო ღვინის ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციის პირობებში, ქართულმა ღვინომ კონკურენცია გაუწიოს მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ე.წ. „ახალი ქვეყნების“ ღვინოებს. დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივისთვის, ორიენტაცია აუცილებლად უნდა ავიღოთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. წელიწადის ამ დროს, თებერვლის ბოლოდან, მიმდინარეობს ვენახების ფორმირება. მევენახეებმა უკვე უნდა უნდა გაითვალისწინონ დაგეგმილი ცვლილებები“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ 2026 წლის რთველის დროს ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული სამი ფასის დაწესების საკითხზე საუბრის დროს.
ლევან მეხუზლამ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს, მევენახეების ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, უწევს ჩაიბაროს ის ჭარბი ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ არის მოთხოვნა.
„გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა 14-15% იყო, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ასეთი ყურძენი სპირტის საწარმოებლადაც კი ნაკლებად გამოსადეგია. წელს შემოგვაქვს საღვინე ყურძნის შაქრიანობის მინიმალური ზღვარი - 17%, რომლის ქვემოთ, ყურძენი შეფასდება არასაღვინედ, როგორც ჰიბრიდი და ჩაბარდება ძალიან დაბალ ფასად. კონდიციურ და არაკონდიციურ ყურძენს შორის ფასთა სხვაობა, მევენახეებისთვის დამატებითი მოტივაციაა, აწარმოონ ხარისხიანი ყურძენი, რაშიც გასული წლის რთველმაც დაგვარწმუნა, როდესაც დაწესებული იყო ხარისხის მიხედვით ორი განსხვავებული ფასი და მევენახეების დიდი უმრავლესობა შეეცადა ყურძნის მოსავალი საჭირო კონდიციამდე მიეყვანა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
2026 წლის რთველის დროს, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს ყურძნის შესყიდვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა შემდეგი ფასები:
,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი: შაქრიანობა აღემატება 20%-ს - 1,30 ლარი; შაქრიანობა 17%-დან-20%-მდე - 80 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი;
რაც შეეხება საფერავს: შაქრიანობა აღემატება 22%-ს - 1,50 ლარი, შაქრიანობა 17%-დან - 22%-მდე - 90 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი.







