გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქე ჟინვალის წყალსაცავზე ძრავიანი ნავიდან თევზჭერას აკრძალული საშუალებების - სახლართი ბადისა და თევზმახის - ე.წ. გოდორის გამოყენებით ახდენდა.

სახლართი ბადის გამოყენება სამოყვარულო და სპორტული (არალიცენზირებადი) თევზჭერისას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რის გამოც მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით - სამას ოციდან ოთხას საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ორიდან ოთხ წლამდე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.