გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წელს,  ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.

ღონისძიებები გატარდა გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ თბილისის ზღვაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ - შავი ზღვის სანაპიროზე, თიქორის არხზე, ჟინვალისა და სიონის წყალსაცავებზე, ასევე მდინარეებზე - ჭოროხი, კინტრიში, ხობისწყალი, ტეხურა,  ენგური,  კაპარჭინა, მუნჩია, ყორათი, ჭანისწყალი, აბაშისწყალი, ჩოლოქი,  აჭარისწყალი,  ცივი, სუფსა, ნარეკვავი, მტკვარი, ქსანი და ქუსნო.

შედეგად ამოღებულია, ჯამში, 6700 მეტრზე მეტი სიგრძის სხვადასხვა ტიპის ბადე და 32  ერთეული სხვადასხვა ტიპის თევზმახე.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათის განმავლობაში უწყვეტად პატრულირებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის აღკვეთისა და გამოვლენის პარალელურად, დეპარტამენტის მიზანი პრევენცია და სამართალდარღვევების მინიმუმამდე დაყვანაა.