ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ქალაქ სან-დიეგოს ფესტივალ San Diego Food + Wine Festival-ზე  გაიმართა.

ღონისძიება მოიცავდა ქართული ღვინის პროფესიონალურ დეგუსტაციებსა და მასტერკლასს სახელწოდებით: „საქართველოს ღვინოები: უძველესი ფესვები, თანამედროვე არომატები“. ჯამში, ფესტივალზე წარდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის 30-მდე დასახელების ღვინო.

ფესტივალი San Diego Food + Wine Festival ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღონისძიებაა ღვინისა და კულინარიის სფეროში, რომელიც 2023 და 2024 წლებში გამოცემა USA Today-ის  მკითხველთა მიერ საუკეთესო ფესტივალად დასახელდა. ფესტივალზე, ღვინის ასეულობით მწარმოებლებთან ერთად, თავს იყრიან ცნობილი შეფ-მზარეულები, სომელიეები, ღვინის ექსპერტები, ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები  და მომხმარებლები.

მომხმარებელზე ორიენტირებული მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში მასზე მოთხოვნის ზრდისთვის აშშ-ის სტრატეგიულ ბაზარზე.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანია Colangelo&Partners-თან  თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოდგენილი იყო შემდეგ ღონისძიებებზე:  ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაცია Wines of Georgia Grand Tasting-ზე (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალ Karakterre-ზე (ნიუ-იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენა Orange Glou Fair-ზე (ნიუ-იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალ Amber Georgia-ზე (ნიუ-იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა ,RAW Wine NYC-ზე (ნიუ-იორკი). ასევე შემოდგომაზე, ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის, საქართველოში ორი ღვინის ტური გაიმართა.