საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.
ცვლილების თანახმად, სავალდებულო ხდება სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება. ნიშანდება გულისხმობს ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის დატანას. ეს არის QR კოდი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, რომ პროდუქციას გავლილი აქვს ლაბორატორიული შემოწმება და სერტიფიცირებულია, ასევე ინფორმაციას ალკოჰოლიანი სასმლის კატეგორიის, მოსავლის წლის, ფერის, ყურძნის ჯიშის, ალკოჰოლის შემცველობის და ა.შ. შესახებ. სასმელის ნიშანდებას ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
„ნიშანდება უზრუნველყოფს წარმოებული ღვინის სრულ მიკვლევადობას და, შესაბამისად, ხელს უწყობს ფალსიფიკაციასთან და შეუსაბამობებთან ბრძოლას. ნიშანდების მიზანია, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს რა ღვინოსთან აქვს საქმე. მაგალითად, საქართველოში ნიშანდება უკვე გამოიყენება სასმელი წყლის ყველა ბოთლზე, ასევე სხვა პროდუქტზეც. ნიშანდება არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება ბოლომდე იყოს მიკვლევადი პროდუქცია და ამით უზრუნველყოთ მისი ხარისხი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
კანონის თანახმად, 2026 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა გამოიცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამ ცვლილებასთან. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვრება სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასური. ცვლილება ძალაში შედის 2027 წლის 1 თებერვლიდან.







