ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ქალაქის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის (2023–2025) შედეგები, არსებული გამოწვევები და ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით დამატებითი ღონისძიებების საკითხები.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამრეწველო ობიექტებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ემისიების კონტროლზე, ინსპექტირების შედეგებზე, სანქციების გამკაცრებასა და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე.

„ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობა პროაქტიულად უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, დამატებითი ინიციატივების დაგეგმვა აუცილებელია. ეს საკითხი სამინისტროსთვის პრიორიტეტულია და, რუსთავის მერიასთან ერთად, მზად ვართ, უფრო ამბიციური ნაბიჯები ერთობლივად გადავდგათ“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე განისაზღვრა სამომავლო ღონისძიებები, მათ შორის, ინსპექტირების რაოდენობის გაზრდა, თვითმონიტორინგის შედეგების პროაქტიული ანალიზი და შესაბამისი საჯარიმო რეაგირება, გაფრქვევის ნორმების გადაჭარბებაზე სანქციების გამკაცრება. ასევე, იგეგმება სამრეწველო ემისიების შესახებ კანონის, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისა და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეტაპობრივი დანერგვა.

დაგეგმილია მწვანე ბუფერული ზონის შექმნა ძველ რუსთავსა და სამრეწველო ზონას შორის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახსრებით, ასევე, მწვანე საფარის გაზრდა ქალაქ რუსთავის სხვა ტერიტორიებზე.

„რუსთავს ახალი ტალღა სჭირდება - საკანონმდებლო ცვლილებები, ახალი მიდგომები და საწარმოების კონტროლის გამკაცრება. ეკონომიკური ზრდის პირობებში, როდესაც საწარმოები აქტიურად მუშაობენ, აუცილებელია ახალი გეგმები და ნაბიჯები, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.