გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამა „სატყეო სკოლა 2026“ დასრულდა. პროგრამის დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
საგანმანათლებლო პროგრამა „სატყეო სკოლა“ VII–IX კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავდა ტყის ეკოსისტემების, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
ერთკვირიანი საგანმანათლებლო ბანაკის ფარგლებში, მონაწილეები ჩართული იყვნენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ აქტივობებში. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ტყეების და მისი ბიომრავალფეროვნების, ასევე, კლიმატის ცვლილების და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების შესახებ. პროგრამა მოიცავდა საველე გასვლებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც მონაწილეებს ბუნებრივი გარემოს უკეთ გაცნობაში დაეხმარა.
დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.
„სატყეო სკოლა“ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიცნონ ტყის ეკოსისტემები და გააცნობიერონ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და მომავალი თაობის აქტიურ ჩართულობას ბუნებრივი რესურსების დაცვაში.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა „სატყეო სკოლა“ უკვე მეხუთე წელია ხორციელდება და ყოველწლიურად აერთიანებს ბუნებითა და გარემოს დაცვით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.






