საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2024 წელს თევზის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა ნორვეგია იყო. კერძოდ, 2024 წელს, საქართველოში ნორვეგიიდან 2 301.3 ტონა თევზის იმპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8 240.2 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც "საქსტატის" მიერ "ბიზნესპარტნიორისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მეორე ადგილს, თევზის რაოდენობის თვალსაზრისით, ესპანეთი იკავებს. კერძოდ, ესპანეთიდან, 2024 წელს 2 261.6 ტონა თევზის იმპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4 740.1 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება დანარჩენ TOP 8 ქვეყანას - ესენია: თურქეთი, ისლანდია, აშშ, ჩილე, ახალი ზელანდია, კანადა, დანია და რუსეთი.

2024 წელს, თურქეთიდან 5 743.03 ათასი აშშ დოლარის (1 009.5 ტონა)  ღირებულების თევზის იმპორტი განხორციელდა, ისლანდიიდან 4 721.9 ათასი აშშ დოლარის (2 071.8 ტონა), აშშ-დან 1 568.7 ათასი აშშ დოლარის (330.2 ტონა), ახალი ზელანდიიდან 1 134.5 ათასი აშშ დოლარის (528.1 ტონა), კანადიდან 965.9 ათასი აშშ დოლარის (514.1 ტონა), დანიიდან 767.6 ათასი აშშ დოლარის (325.1 ტონა), ხოლო რუსეთიდან 466.2 ათასი აშშ დოლარის (329.1 ტონა).

გასული წლების ტენდენციებს თუ შევხედავთ, 2022-2023 წლებში თევზის იმპორტის მაჩვენებლები უფრო მაღალი იყო. კერძოდ, 2022 წელს საქართველოში 43 421.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების თევზი შემოვიდა, 2023 წელს 44 506.6 ათასი აშშ დოლარის, ხოლო 2024 წელს 38 509.8 ათასი აშშ დოლარის.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში თევზის წარმოება ბოლო მეოთხე წელია მცირდება. ამის შესახებ „საქსტატის“ აკვაკულტურის სექტორის ყოველწლიურ მიმოხილვაშია აღნიშნული. მათი ცნობით, 2024 წელს საქართველოში 2 452.5 ტონა თევზი აწარმოეს. ეს კი 17 ტონით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 2021 წელს  - 2 861.1 ტონა თევზი იქნა წარმოებული, 2022 წელს  - 2 791.7 ტონა, 2023 წელს  - 2 469.5 ტონა, 2024 წელს  - 2 452.5 ტონა.

bp.ge