სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მექანიზაციის პრობლემაა. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ გაშენებული ბაღების ინტენსივობით განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველო გამოირჩევა, კახეთსა და ქართლში ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას დღის წესრიგში. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს ფერმერებში ცნობადობა. ვინაიდან არის შემთხვევები, როცა ფერმერები გამოუცდელობის გამო, არასწორი ტექნიკის შეძენაში ხარჯავენ თანხას, რაც საბოლოო ჯამში მოსავლის აღების ღირებულებაზე ნეგატიურად აისახება.
„ყოველწლიურად ტექნიკის საჭიროება იზრდება ინდუსტრიის ზრდასთან ერთად, წელს მოსავლის აღება მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება, რადგან მეურნეობები შედიან კომერციულ მოსავლიანობაში. ამიტომ, ჩვენ 4-5 თვით ადრე ვიწყებთ აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით ცნობადობის ამაღლებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინდუსტრიაში სწორი ტექნიკების შერჩევა მოხდეს. იყო შემთხვევები, როცა დანახარჯები რომელიც ტექნიკაზე იქნა გაწეული არაეფექტური აღმოჩნდა კონკრეტულ ინდუსტრიაში და ფერმერისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე ფერმერი ინფორმირებული იყოს და არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომელიც მის ბიზნესს ფინანსურად დააზარალებს.“-აღნიშნა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, თორნიკე ლათათიამ.
ცნობისთვის, მოსავლის ამღები სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. 2024 წლისთვის პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში 450 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სასოფლო სამეურნეო ტექნიკაა შემოსული. საიდანაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებულია 120 მილიონი ლარი. ფერმერებმა 7 000 ერთეულზე მეტი აგრარული ტექნიკა შეიძინეს. რაშიც ბიუჯეტიდან ჯამში 120 მლნ ლარი დაიხარჯა.