ექსპორტზე კიდევ ერთი ქართული ღვინო გავიდა. „მოსავალი პირველი“, რომელსაც მცირე მარნის სტატუსი აქვს, ქართულ ბაზარზე უკვე 3 წელია წარმოდგენილი და 6 სახეობის ღვინოს აწარმოებს. 

"ამ ეტაპზე 6 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ ქართლიდან და კახეთიდან. ჩვენი ღვინოებია ჩინური გორული მწვანე, კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებული, ასევე რქაწითელი ბუერა, რომელიც ჭაჭაზე სრული მაცერაციით არის დაყენებული და ქარვისფერი ღვინოა, ასევე გვაქვს როზე, ესეც ქართლიდან, ჩინური გორული მწვანე და თავკვერისგან მიღებული, გვაქვს პეტნატი, რომელიც არის ცქრიალა ტიპის ღვინო, აქაც ქართლის ჯიშები გვაქვს გამოყენებული. წელს დავაყენეთ ექსკლუზიური პროდუქტი - ჟოლოს და მაყვლის ღვინო",- აღნიშნა "მოსავალი პირველის" თანადამფუძნებელმა ერეკლე პაიჭაძემ. 

მისი თქმით, თბილისში ღვინო სხვადასხვა მაღაზიებსა და ღვინის ბარებში რეალიზდება. წელს მცირე რაოდენობით ექსპორტზე გავიდა გერმანიასა და ნორვეგიაში. მოლაპარაკებას აწარმოებენ ავსტრიაში ღვინის ბართან.

მოსავალი პირველი ამ ეტაპზე 8 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს, თუმცა გეგმავს, რომ წელს რაოდენობა 10 000-ს გადააჭარბოს.

"გვინდა, წარმოება 10 000 ბოთლამდე გავზარდოთ და უფრო მეტზეც ავიდეთ. ამისთვის ქართლში ახალი ვენახიც გავაშენეთ. კახეთში უკვე ქვევრთან ვიწყებთ უშუალოდ მუშაობას და მალე ქვევრის ღვინოც დაგვემატება", - ამბობს ერეკლე პაიჭაძე. 

"მოსავალ პირველს" ამჟამად 2 მარანი აქვს - ქართლში, სოფელ ლამისყანაში და კახეთში, სოფელ ვაზისუბანში. იმერეთში მესამე მარნის დამატებასაც აპირებს.

"ამჟამად ვმუშაობთ 5 ჯიშზე, ეს არის ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, რქაწითელი და ბუერა. წელს გავაშენეთ ახალი ვენახი, სადაც დავიმატეთ ძველი ქართლის ჯიში მუხამწვანე, ასევე ძველი ფრანგული ჯიშები. იმერეთში ვფიქრობთ მარნის და იმერეთის ხაზის დამატებას, კერძოდ ციცკა ცოლიკაურის, ციცკას და კრახუნასი. 3 მარანი გვექნება და სამი რეგიონის განსხვავებულ ჯიშებზე ვიმუშავებთ, როგორც კახეთის და ქართლის, ისე იმერეთის",- აღნიშნა "მოსავალი პირველის" თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ ხოკრიშვილმა.