"კომპანია ლურჯი" ბაღი, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტში, 17 ჰექტარზე გაშენებული ლურჯი მოცვის პლანტაციები აქვს, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას ცდილობს.
ლურჯი ბაღის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ დიდებაშვილი ამბობს, რომ კომპანიამ ბაღის სენსორული მართვის სისტემის დანერგვა გადაწყვიტა, რომელიც ფერმერს ეხმარება მცენარე აკონტროლოს განვითარების ყველა ეტაპზე, რაც მათ სხვადასხვა რისკებისგან დააზღვევს.
კომპანიამ ბაღის გაშენებამდე, მოცვის კულტურაც შეისწავლა და ამ დარგში გამოცდილი ქვეყნებისგან ინფორმაციაც მიიღო.
"რამდენიმე მიმართულებით დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება, პირველ რიგში ლურჯი მოცვის ეკონომიკა გავიარეთ, შევისწავლეთ კულტურა - მივიღეთ აგრონომიული ცოდნა და გამოცდილება, შევარჩიეთ ადგილი, რომელიც მიზანშეწონილი იყო ლურჯი მოცვის წარმოებისთვის, ჰავის, კლიმატის, წყლისა და ნიადაგის ანალიზებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ნიკოლოზ დიდებაშვილმა.
კენკროვან კულტურას საექსპორტო პოტენციალი აქვს. ფერმერებიც ევროპულ ქვეყნებს უმიზნებენ, შესაბამისად მნიშვნელოვანია ხარისხის უზრუნველყოფა. ამ პროცესში გადამწყვეტია სამაცივრე მეურნეობების განვითარება, რადგან მოცვი მალფუჭებადი პროდუქტია.
"მოსავლის აღების შემდეგ ყველა ეტაპის დაცვა უმნიშვნელოვანესია. საჭიროა ყველა ეტაპის სწორად და თანმიმდევრულად დაცვა, მოსავლის კრეფიდან დაწყებული, პროდუქციის სამაცივრემდე მიტანით, ტრანსპორტირებით გაგრძელებული და დახლზე განთავსებით დამთავრებული. ვფიქრობ, ქვეყანაში გვჭირდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სამაცივრე მეურნეობის განვითარება", - აღნიშნა ნიკოლოზ დიდებაშვილმა.