2021 წლის დეკემბრიდან, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროკავშირში საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი გახდა შესაძლებელი.  ცვლილებამ  ადგილობრივ ბაზარს  ლოკოკინების ფერმების გაშენებისკენ უბიძგა. სიახლე  რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარისთვისაც  აგრომეურნეობაში შესვლის მოტივატორად იქცა. როგორ გაჩნდა იდეა და რა სირთულეები შეხვდა რესტორატორს აგრარულ ბიზნესში - „აგროპარტნიორი“ „ჯიდიბიესის“ დამფუძნებელს, შოთა ბურჯანაძეს ესაუბრა.

პირველ რიგში, იდეაზე ვისაუბროთ. სარესტორნო ბიზნესის წარმმომადგენელს  რატომ გაგიჩნდათ  აგრარულ სექტორში შესვლის ინტერესი?

წლებია, სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ვარ, თუმცა  ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ კონკრეტული პროდუქტის შექმნის შესაძლებლობაც მქონოდა. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ პროდუქტის შექმნა არ არის საკმარისი.  აუცილებელია სარეალიზაციო ბაზრის მოძიება. მას შემდეგ რაც ევროკავშირმა საქართველოდან ქართული ლოკოკინის შეტანის შესაძლებლობა დაუშვა, საინტერესო გახდა ჩემთვის ეს სექტორი. აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა რომ Made in Georgia-ს წარწერით საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი  დაგვეწყო.

რა იყო საწყისი კაპიტალი, რიითაც ახალ ბიზნესში შეხვედით?

საწყის ეტაპზე პარტნიორებთან ერთად ლაგოდეხის რაიონში, სოფელ კართუბანში შევიძინეთ მიწის ნაკვეთი. ჩვენს საკუთრებაში ახლა  დაახლოებით ჰექტარნახევარი მიწაა,  რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მინიმალურია ლოკოკინების ფერმის გასაშენებლად და ამ ბიზნესში შესასვლელად. საწყისი კაპიტალი 100 ათასი დოლარი იყო. ლაგოდეხისთვის დამახასიათებელია სწორედ ისეთი კლიმატი, რომელიც სასურველია ლოკოკინებისთვის. შევისწავლეთ მიწა, გარემო და სრულად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ეს კლიმატური პირობები ჩვენი ფერმერული მეურნეობისთვის.

ლოკოკინების წარმოება საქართველოსთვის არ არის სოფლის მეურნეობის ტრადიციული მიმართულება, უნარების და ცოდნის გაზიარება საიდან მოხდა?

ცოდნა და ტექნოლოგიები - ეს ორი ფაქტორი არის აუცილებელი პირობა წარმატებული აგრარული ბიზნესისთვის. ლოკოკინები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არატრადიციული პროდუქტია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ბევრი ინფორმაცია არ გვქონდა, თუმცა გარკვეული კვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არსებობს  შესაძლებლობა, რომელსაც იტალიელი ექსპორტიორები მწარმოებლებს აძლევენ. ჩვენი ევროპელი კონტრაქტორები ამ პროდუქტის მოყვანით, ლოკოკინების წარმოების მასშტაბების გაზრდით დაინტერესებული არიან და სწორედ ისინი გვიწყობენ ხელს სიახლეების  დანერგვაში. მათგან მივიღეთ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება.

რა მოცულობის ლოკოკინებით დაიწყეთ ფერმერული საქმიანობა და დღეს რა შედეგებზე ხართ გასული?

პირველ ეტაპზე  78 ათასი ერთეული ლოკოკინა შემოვიყვანეთ. ლოკოკინების ფერმაში დაახლოებით  7-10% არის დანაკარგი. დანაკარგი თუნდაც ტრანსპორტირების, გამრავლებისა და მოვლა-პატრონობის დროს წარმოიქმნება. ახლა უკვე განხორციელებული გვაქვს პირველი ექსპორტი, მეორე ექსპორტს კი ოქტომბრის ბოლოს ვაპირებთ. ჩვენ შეგვიძლია ყველაზე ცუდ ვარიანტში, ჰექტარნახევარზე 8 ტონა ხოლო კარგ შემთხვევაში  10-15 ტონა ლოკოკინა გავიტანოთ ექსპორტზე.

რამდენად არის მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე?

ზრდასრული ლოკოკინა გამოიყენება როგორც კვებაში, ისე პარფიუმერიასა და მედიცინაში. რეალურად, ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია. ასი ათასი ტონის შემთხვევაშიც კი გლობალური ბაზარი ამას აითვისებს. დღესდღეობით ბაზარზე ლოკოკინის წარმოების კუთხით კრიზისია, მოთხოვნა მეტია. ჩვენ იტალიელებთან გვაქვს გაფორმებული მიწოდების 5 წლიანი კონტრაქტი, თუმცა სამომავლოდ რეალიზაცია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შესაძლებელია.

როგორია ლოკოკინების საექსპორტო  ფასი?

საექსპორტო ფასი იტალიის ბაზრის შემთხვევაში, კილოგრამზე  4-5 ევროა. პირველ წელს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სწავლის პროცესში ვიყავით და ჯერჯერობით 6 ტონამდე ლოკოკინის გატანა შევძელით, თუმცა მოცულობები ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს.

ადგილობრივი ბაზრიდან თუ ფიქსირდება მოთხოვნა?

ჩვენს შემთხვევაში, საუბარი გვაქვს  მხოლოდ ექსპორტზე. ქართულ ბაზარზე მოთხოვნა ნაკლებია. ჩვენს ფერმაში მოყვანილი ლოკოკინა მხოლოდ ექსპორტისთვის არის განკუთვნილი.

რამდენ ხანში შეძლებთ კაპიტალდაბანდების უკუგებას?

თავისი დრო სჭირდება როგორც ფერმერული მეურნეობის განვითარებას ასევე  შედეგზე გასვლას. ჩადებული ინვესტიციის უკუგებას ჩვენი გათვლებით, დაახლოებით  ორ წელში შევძლებთ. თუმცა,  სანამ შედეგზე არ გავალთ რთულია წინასწარ საუბარი.

რაც შეეხება გამოწვევებს, რა სირთულეებს წააწყდით ფერმერულ საქმიანობაში?

ლოკოკინის წარმოება - ეს არ არის ერთადერთი სფერო, სადაც ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ. როგორც ტრადიციული ისე არატრადიციული სოფლის მეურნეობის შემთხვევაში ბევრი სიახლეა დასანერგი. სრულიად განსხვავებულია დღეს მწარმოებლების მიმართ არსებული მოთხოვნილებები და ვალდებულებები. სოფლის მეურნეობის ნებისმიერ სექტორში აუცილებელია თანამედროვე ცოდნის შეტანა.  პრობლემები და გამოწვევები ჩვენს შემთხვევაშიც ნამდვილად არის. არ ვიქნები ორიგინალური  თუ ვიტყვი, რომ პირველ რიგში საკადრო პრობლემები არსებობს. ასევე სტანდარტების დანერგვა და ინოვაციების შემოტანა არის აუცილებელი.