საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი უდაბნო  ცხელი ჰავით და მოშიშვლებული სივრცეებით გამოირჩევა. წლების წინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარება იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, 2016 წელს გაჩნდა იდეა და დაიწყო მისი განხორციელებაც  - პირველ ეტაპზე დამუშავდა მიწა, რის შემდეგაც კომპანია "უდაბნომ" მეურნეობის განვითარების გეგმები სისრულეში მოიყვანა. "უდაბნო შელინგის" დირექტორს გოდერძი მეტრეველს უდაბნოში სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესებსა  და სამომავლო პროექტებზე "აგროპარტნიორი" ესაუბრა.

რამდენად სარისკო იყო სოფელ უდაბნოში სოფლის მეურნეობის განვითარების წამოწყება?

რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, უდაბნოში ნაყოფიერი მიწაა, მაღალია მინერალიზაცია და ჰუმუსის შემადგენლობა. ამ სივრცეში აგრომეურნეობის განვითარების იდეა 2016 წელს გაჩნდა,  მალევე მოხდა ტერიტორიების დამუშავებაც. ადგილზე  მოწყობილია წყალმომარაგების უზარმაზარი სისტემა, რომელიც სახელმწიფო მასშტაბის პროექტია და კერძო კომპანიამ შეასრულა. განხორციელდა გასარწყავიანება. 

მიწის რა ფართობს ფლობს ამ ეტაპზე კომპანია და რა არის იქ გაშენებული?

"უდაბნო" ამ ეტაპზე ფლობს  20 000 ჰექტარ მიწას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ნუში 2 000 ჰექტარამდეა გაშენებული, დანარჩენი ერთწლოვანი კულტურებია -  სახორბლე და მარცვლეული კულტურები. ამ ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია ნუშის პირველადი და მეორადი გადამმუშავებელი საწარმო, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი და თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ის მორგებულია ევროპულ სტანდარტებს.  ზოგადად მიზანი იყო, რომ რეგიონში შექმნილიყო მიმღებ-ჩამბარებელი საწარმო, რაც ნუშის და კაკლოვანი კულტურის განვითარებას შეუწყობდა ხელს, ფერმერს არ დასჭირვებოდა იმაზე ფიქრი და ზრუნვა, სად ჩაებარებინა ნუში. 

საწარმოში გადამუშავებული პროდუქციით მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი მარაგდება თუ ექსპორტზეც გადის?

პირველადი გადამუშავების საწარმოს გარდა, უდაბნოში არის თანამედროვე ესპანური და ამერიკული დანადგარებით აწყობილი მეორადი გადამუშავების საწარმო, რომელიც უკვე ნუშის გულს და ნედლეულს აქცევს სხვადასხვა პროდუქტად, როგორიცაა მაგალითად ნუშის ფქვილი, ზეთი, რძე. ეს პროდუქცია შემდგომში ექსპორტზე გავა. სამიზნე ბაზრებს შორისაა ევროპა და გალფის ქვეყნები. თუმცა მანამდე,  რა თქმა უნდა, საქართველოშიც იმპორტირებულ პროდუქციას ჩაანაცვლებს. უკვე გაიხსნა "უდაბნო შოპი", მარკეტი, სადაც ჩვენი წარმოების პროდუქცია გვაქვს წარმოდგენილი. იქ გვხვდება როგორც ნუშის ფქვილი, ასევე მეცხოველეობიდან და მეფრინველეობიდან მიღებული პროდუქცია, ასევე ჩვენს მიერ წარმოებული სხვა პროდუქცია, როგორიცაა პური, ნამცხვრები. გვაქვს ვეგანური წარმოება,  უგლუტეინო პროდუქცია. 

რამდენად პრიორიტეტულია თქვენთვის ბიოწარმოება?  

"უდაბნოს" მიზანია რეგენერაციული სოფლის მეურნეობის მიმართულების განვითარება, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბიომეურნეობაზე მაღლა დგას. ბიოს შემთხვევაში არის გარკვეული დაშვებები და ნორმები. ჩვენ არანაირად არ ვერევით ბუნების წიგნში, ბუნებაზე ვართ სრულად დამოკიდებული. "უდაბნოს" ბაღებში არ ხდება არანაირი პრეპარატების გამოყენება, არც ბიო და არც არაბიო. შესაბამისად, გვაქვს 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. 

როგორ ვითარდება მეცხოველეობა-მეფრინველეობის მიმართულება?

არის მეწველი და მეხორცული მიმართულება. გვყავს როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა საქონელი- ცხვარი, თხა, კამეჩი. რძე ძირითადად მაღალცხიმიანია და გათვლილია ყველის წარმოებაზე. გამოიყენება როგორც ნედლეულად, ისე პროდუქციის დასამზადებლად. 

რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

ძირითადად ადგილობრივები გვყავს დასაქმებული. მუდმივი თანამშრომელი 150-მდეა. სეზონურად კი 200-დან 500-მდე ადამიანს ვასაქმებთ. გააჩნია სამუშაოებს.

სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი გამოწვევა კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. თქვენთანაც თუ დგას ეს პრობლემა დღის წესრიგში და როგორ ზრუნავთ თქვენი დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლებაზე? 

უდაბნო პირველივე დღიდან მუშაობს ამ საკითხზე. ჩვენ თავიდანვე გვყავდა უცხოელი სპეციალისტები. მუდმივად ხდება ჩვენთან დასაქმებულების გადამზადება. ჩვენი გადამზადებული კადრი კი, უკვე ლოკალურ მაცხოვრებლებს უზიარებენ ცოდნას. "უდბანოს" აქვს პროექტი ამერიკის საელჩოსთან ერთად, პერიოდულობით სასწავლო სემინარები ტარდება, სადაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით სტუდენტებს ვუზიარებთ ჩვენს ცოდნას, პრაქტიკას. ასე რომ,  ჩვენი წვლილი საგანმანათლებლო სექტორშიც საკმაოდ დიდია.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მიმართულებით სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

6-8 თვეში უკვე მზად იქნება ევროპული სტანდარტის მეორადი საწარმო, სადაც პირველ რიგში მოხდება ქართული ენდემური ჯიშის ხორბლის აღდგენა და აქედან მიღებული ფქვილით სხვადასხვა ნაწარმის დამზადება, როგორიცაა პური და სხვა პროდუქცია. მალე ბაზარზე გამოჩნდება ბევრად ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. რაც მთავარია ჩვენი მიზანია, რომ გვქონდეს მისაღები ფასები. ასევე, დაემატება ნუშის რძის ხაზი.  დღესდღეობით ნუშის რძე საქართველოში  სრულად იმპორტირებულია.  ჩვენ კი, ჩვენი წარმოებული გვექნება.