გერმანულ მარკეტინგულ კამპანია ff.k Public Relations-ტან ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი გერმანიის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის გაზრდაა.

კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გაიმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში; გარდა ამისა, გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული ღონისძიებები ღვინის საცალო გაყიდვების ქსელებში.

დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წელს, ქართული ღვინის პირველი წარდგენა 15-17 მარტს, გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენა ProWein Dusseldorf-ზე გაიმართება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა და, ამავე დროს, ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.  ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი აქტივობების, ასევ, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.