გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
 
მოქალაქემ სოფელ ქვენატკოცას მიმდებარედ, მდინარე ფცაზე, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა ხრამულის სახეობის 13 კილოგრამამდე თევზი.
 
ელექტროიარაღით თევზჭერა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. აღნიშნულ ფაქტზე მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც კანონით დასჯადი ქმედებაა.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.

მოქალაქეებს შეუძლიათ სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153, სადაც თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ხორციელდება.