ქართული ღვინო მსოფლიოს 16 ქვეყანაში გამართულ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 11 გამოფენა/ფესტივალზე მსოფლიოს 8 ქვეყანაში: იაპონია, იტალია, სლოვენია, საბერძნეთი, აშშ, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და ბელარუსი.

ქართული ღვინის 80-მდე პრეზენტაცია/დეგუსტაცია გაიმართა მსოფლიოს 10 ქვეყანაში: გერმანია, ავსტრალია, აშშ, თურქეთი, ნორვეგია, საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, სამხრეთ კორეა და დიდი ბრიტანეთი.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 15 ღონისძიება, მასტერკლასი, გამოფენა, ფესტივალი, კონკურსი და ფორუმი გაიმართა.

საანგარიშო პერიოდში, უცხოელი ღვინის პროფესიონალების, სავაჭრო სფეროსა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოში გაიმართა ღვინის 9 ტური.

როგორც ქვეყნის გარეთ, ისე საქართველოს მასშტაბით, ღონისძიებებში 200-მდე ღვინის კომპანია და მარანი მონაწილეობდა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდა ისეთ საერთაშორისო მედია საშუალებებთან და გამომცემლობებთან, როგორიცაა: Gambero Rosso TV,  TV SOMM TV,  New York Post, Seven Fifty, daily Vine Pair და Grapefriend.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით,  დაწესდა ღვინის ეროვნული დღე, რომელიც ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება.

სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში, გაძლიერდა მედია კამპანიები და მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.

სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.