სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფი შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულს“ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და თანამედროვე ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და პრაქტიკული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზების მიმართულებით. ამასთან, გათვალისწინებულია ორივე მხარისთვის სხვადასხვა სფეროში ინფორმაციის გაცვლა, საერთაშორისო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა და სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი კვლევების განხორციელება.

თანამედროვე ლაბორატორიული კვლევები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფერმერული მეურნეობების განვითარებაში, ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქციის წარმოებაში, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებთან თანამშრომლობის გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და ხელს შეუწყობს რეგიონისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობას. მათი შეფასებით, თანამედროვე ლაბორატორიული კვლევები, სამეცნიერო ცოდნის გაზიარება და ფერმერებთან აქტიური თანამშრომლობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი მეურნეობების განვითარებასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა მონაწილეებს მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიის შესაძლებლობები გააცნეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი საქმიანობა ხელს შეუწყობს  კვლევითი სფეროს გაძლიერებას.